მკვლელობის ბრალდებით ქუთაისის ყოფილი მერის შვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის ყოფილი მერის, ნუგზარ შამუგიას შვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პაპუნა შამუგიას მიმართ წაყენებული პირველი ბრალდება 3-დან 5 წლამდე, ხოლო მეორე კი – 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 აგვისტოს, გვიან ღამით, ქუთაისში წმინდა სამების სახელობის სასაფლაოზე ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერადი გასროლით მუცლისა და ბარძაყის არეში სხეულის დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ ლუკა კუბლაშვილს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაჭრილი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მკვლელობის იარაღი, ბრალდებულის მამის, ქუთაისის ყოფილი მერის სეხელზეა რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის აპრილში პაპუნა შამუგიას, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა. მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე კი, მას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაცვის მხარე შამუგიასთვის 3 000-დან 5 000 ლარამდე გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ავტორი: დეა მანაგაძე