მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოებისა და მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა.
ამასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ გამართა. მისი განცხადებით, მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები უკვე დატოვეს.
გიგა გიორგაძის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის 35 ქალბატონია (ერთ ორსული) და 156 მამაკაცი. მათ შორის 19 მძიმე ავადმყოფია. პირობით ვადამდე გათავისუფლებულთაგან სამს მოსახდელი სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.
"კომისიამ და საბჭოს წევრებმა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან დადებითად ხასიათდებიან და მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე - 3/4. შუამდგომლობების განხილვისას, კომისიის წევრებმა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინეს, ამასთანავე, შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
მსჯავრდებული ქალების შემთხვევაში, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების დახასიათების, ასევე, პატიმართა და მათი ოჯახის წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეკრების გარდა, კომისიის წევრები უშუალოდ გაესაუბრნენ იმ მსჯავრდებულებს, რომელთა შუამდგომლობებს კომისია განიხილავდა. მსგავსი პრაქტიკა მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობაში, გარდა არასრულწლოვნებისა, 2013 წლამდე გამოყენებული არ ყოფილა", - განაცხადა გორგაძემ.
მისივე ინფორმაციით, იმ მსჯავრდებულ ქალბატონებს, რომელთა შუამდგომლობებიც კომისიამ განიხილა, პარლამენტის ადამიანი უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაესაუბრა. ვადამდე გათავისუფლების კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია.
გიორგაძის განცხადებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედ კომისიაში სულ 300-მდე შუამდგომლობა შევიდა.
2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ადგილობრივი საბჭოებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 841 მსჯავრდებული გათავისუფლდა, აქედან 790 სრულწლოვანი მამაკაცი, 39 სრულწლოვანი ქალი, 11 არასრულწლოვანი მამაკაცი და 1 არასრულწლოვანი ქალი.
2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 აგვისტომდე სულ 1967 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ შორის 1687 სრულწლოვანი მამაკაცი, 249 სრულწლოვანი ქალი, 30 არასრულწლოვანი მამაკაცი და 1 არასრულწლოვანი ქალი.
ავტორი: ნიუპრესი