ქუთაისში ახალი სასწავლო წელი ქალაქური სიმღერებით გაიხსნა
საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კოტე ლომიძემ სწავლის დაწყება ქუთაისის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქალაქური სიმღერების ფონზე მიულოცა. ქალაქური სიმღერები სკოლაში მოსწავლეებისთვის განწყობის ასამაღლებლად შეარჩიეს.
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ეს არის ქვეყნის ზეიმი. წარმატებებს გისურვებთ და თუ კი დაგჭირდებით, ქალაქის მერია, საკრებულოსთან ერთად ყველანაირად დაგეხმარებით", – მიმართა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ლომიძემ.
ქუთაისის #1 სკოლის დირექტორის, თამაზ ცხადაძის განმარტებით, სკოლაში სასწავლო პროცესის დასაწყებად ყველაფერი მზად არის.
"წიგნების 80% უკვე დარიგებულია. ასევე, დარიგებულია ბუკები პირველკლასელებისთვისაც. მზად ვართ შრომისთვის", – განმარტა ცხადაძემ. მისი თქმით, წელს ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში სულ 1707 მოსწავლეა, აქედან 180 პირველკლასელია.
ქუთაისის ვიცე–მერმა #1 საჯარო სკოლაში მილოცვის შემდეგ, სასწავლო პროცესის დაწყება ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მიულოცა.
ავტორი: თეკლა მორგოშია