|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავრობამ აბასთუმნის თავზე ცა გადაკეტა

დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აიკრძალა. ამის შესახებ „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 9 თებერვლის დადგენილებაშია საუბარი.

აღნიშნული დოკუმენტით, ქვეყნის საფრენოსნო არეალი დაკორექტირდა.

ოფიციალური ინფორმაციით, აბასთუმანში ფრენების შეზღუდვის მიზეზი შემდეგია - „ატმოსფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ასტრონომიული დაკვირვებებისთვის“.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აბასთუმნის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აკრძალულია 24/7-ზე, თუმცა მხოლოდ გამონაკლის უწყებებს აქვს მისი დარღვევის უფლება.

კერძოდ, ფრენები არ არის დაშვებული შემდეგი გამონაკლისების გარდა: საქართველოს სახელმწიფო ავიაციის საჰაერო ხომალდებისათვის; ძებნა-შველის ოპერაციებში ჩართული საჰაერო ხომალდებისათვის; შეზღუდული არეს ფარგლებში მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდებისათვის;  ცუდი ამინდის შემოვლის მიზნით, ან თუ წარმოიქმნება ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საჭიროება.

 ეს აკრძალვა ვრცელდება მიწის ზედაპირიდან უსასრულობამდე, ფრენისთვის დახურული ზონა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან იწყება და საქართველოს სიღრმეში - დაახლოებით 45 კმ-ში სრულდება. ზონა ფარავს აბასთუმანს სრულად, ადიგენის რაიონს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს და მთლიანობაში დაახლოებით 2000 კვ.კმ. საჰაერო სივრცეს კეტავს. აბასთუმნის თავზე აკრძალული ზონა, სულ მცირე, ოთხჯერ აღემატება თბილისის ფართობს.

 

მთავრობის განკარგულებაში არაფერია ნათქვამი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე, თუმცა ფაქტია, აბასთუმანი მისი ინტერესის სფეროა. საჯარო წყაროების თანახმად,  ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს აბასთუმანში ეკუთვნით ათასობით კვ.მ. მიწა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მშენებარე სასტუმრო. იგი ასევე ფლობს ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს. 

ავტორი: