"ნაციონალი" დეპუტატი – ფიცი მწამს, "ქართული ოცნების" დემოკრატია მაკვირვებს
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი გია გოქაძე "ქართული ოცნების" ადგილობრივი შტაბის უფროსს, ზაზა მარუაშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
როგორც გოქაძე აცხადებს, 4 ოქტომბერს ზაზა მარუაშვილი წერეთლის უნივერსიტეტის დარბაზში ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა და ამავე დღეს, მოგვიანებით, ქუთაისის ბაგა–ბაღების ხელმძღვანელებთან გამართა შეხვედრა.
გოქაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" დაპირება, რომ ადმინისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებდნენ, ბლეფი აღმოჩნდა. "ნაციონალი" დეპუტატი, აღნიშნულ შეხვედრებს, "ქართული ოცნების" მხრიდან ამომრჩეველზე ძალის გამოყენების და კონკრეტული დავალებების გაცემით, მათი მოსყიდვის მცდელობად აფასებს.
"ეს არის ძალის დემონსტრირება და ხელების გადაგრეხვის მცდელობა. ფიცი მწამს, "ქართული ოცნების" დემოკრატია მაკვირვებს. ხომ ამბობენ გავიმარჯვებთო – გაიმარჯვონ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე," – აცხადებს გია გოქაძე.
როგორც გოქაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ძირძველი "ნაციონალია", საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას არ იღებს. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ მსგავს მეთოდებს არ იყენებდა და შტაბის უფროსს საჯარო სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა არასოდეს გაუმართავს.
"არ ვმალავ რომ ძირძველი "ნაციონალი" ვარ, მაგრამ ოფისშიც კი არ დავდივარ. მე ვაძლევ მათ მაგალითს, თუ როგორ არ უნდა გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი,"– აცხადებს გოქაძე.
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი ეჭვს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნების" მიერ გამართულ წინასაარჩვენო შეხვედრებში აღმასრულებელი ხელისუფლება, კერძოდ კი ვიცე–მერებიც არიან ჩართული.
"სკოლების დირექტორებისა და ბაგა–ბაღების გამგეების მობილიზება ასე ადვილად არ ხდება," – აღნიშნავს გოქაძე.
კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსი, ზაზა მარუაშვილი გია გოქაძის ბრალდებებს ცილისმწამებლურ უწოდებს.
"გოქაძემ, უმჯობესია, თავისი პოლიტიკური ორგანიზაციის წარსული გაიხსენოს და თითის გაშვერას იმაზე, რაც სისხლში და ხორცში აქვს თავი დაანებოს. ჩვენ ყველა, ცოტა ხანი კიდევ მოლოდინის რეჟიმში გავაგრძელებთ ცხოვრებას და შემდეგ კი, ალბათ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებზეც ვიფიქრებთ," – აცხადებს ზაზა მარუაშვილი.
ამავე დროს, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსი გოქაძის მიერ გაჟღერებულ შეხვედრებში მონაწილეობას არ უარყოფს. მარუაშვილის თქმით, აღნიშნული შეხვედრები პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული, სადაც განათლების შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა. მისი თქმით, ის ორივე შეხვედრაზე სტრუმრის სტატუსით იმყოფებოდა.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა