მამაკაცი, რომელმაც ქუთაისში ცოლი მოკლა უკვე დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კობა თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ქუთაისში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე - 1975 წელს დაბადებული მედეა ა. დანით სასიკვდილოდ დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ზურგის არეში ორი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ქუთაისში დააკავეს.
დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 108–ე მუხლით).
ავტორი: ნიუპრესი