გიორგი მარგველაშვილმა მილოცვები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან მიიღო
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ჰანს ჰორბახმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. კოალიციის კანდიდატთან შეხვედრა „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში გაიმართა.
აუდიენციის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მედიასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს.
„ჩვენ ის სამი ელჩი ვართ, რომლებიც გუშინ ერთობლივად ვაკვირდებოდით არჩევნების მიმდინარეობას თბილისში. ასევე ქვეყნის მასშტაბით გვყავდა განაწილებული ჩვენი საელჩოების თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჯგუფები, რომელთა მიზანიც ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მიმდინარეობის დაკვირვება იყო,“ - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.
როგორც მან აღნიშნა, გამარჯვებულ კანდიდატთან მათ იმ გეგმების შესახებ ისაუბრეს,რომელსაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავებისშემდეგ განახორციელებს.
„დიდ სიამოვნებით შევხვდით არჩეულ პრეზიდენტს და მივულოცეთ წინასწარი შედეგები, რომელიც უკვე ცნობილია საქართველოს მოსახლეობისათვის. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა გაუწოდონ ერთმანეთს თანამშრომლობის ხელი და დიალოგის პრინციპით იმუშაონ საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ,“ - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.
მედიის წარმომადგენლებთან კომენტარში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ხაზი გაუსვა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების უპრეცენდენტო ხარისხს, რომელმაც ფართო საერთაშორისო აღიარებაც ჰპოვა.
„ეს ნამდვილად სანიმუშო არჩევნები იყო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია რეალურად მწიფდება. დღეს ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ვილნიუსის სამიტი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ევროინტეგრაციის სტრუქტურებთან დაახლოვების მხრივ,“ - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ჰანს ჰორბახმა.
ელჩებთან შეხვედრა კოალიციის კანდიდატმაც შეაფასა: „ჩვენი საარჩევნო კამპანიის ყველა ეტაპზე აღვნიშნავდით, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება კი არა, არამედ ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციაა, რაც გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნებით დამტკიცდა,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება თურქეთის პრეზიდენტმა, აბდულა გიულიმ და თურქეთის პრემიერმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმაც მიულოცეს.
"პირადად ჩემი და თურქი ხალხის სახელით თქვენს აღმატებულებას პირადად ვულოცავ გუშინ, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის არჩევას. ასევე მოხარული ვარ, რომ წარმატებით დასრულდა არჩევნები, რომელიც მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიის პროცესში. მტკიცედ მწამს, რომ ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, თქვენი პრეზიდენტობის პერიოდშიც გაგრძელდება თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ახლო მეზობლური ურთიერთობები და ძლიერი თანამშრომლობა", -ნათქვამია აბდულა გიულის მისალოც წერილში.
თურქეთის პრემიერის თქმით, ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში, რომლის დროსაც გამოიხატა ქართველი ხალხის ნება და ის ჩატარდა მშვიდ, უსაფრთხო გარემოში.
ავტორი: ნიუპრესი