|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეგიონში ახალგაზრდები განვითარებას ვერ ახერხებენ –„ქუთაისის ახალგაზრდა სოციალისტები“

საგანმანათლებლო სისტემის გაუმართაობა არის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რაც ახალგაზრდების რეგიონალურ ემიგრაციას იწვევს – ეს შეფასება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქუთაისის ახალგაზრდა სოციალისტების“ წარმომადგენლებმა,  დღეს  წერეთლის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება რეგიონში“.

უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე „ქუთაისის ახალგაზრდა სოციალისტებმა“  კვლევის შედეგები წარადგინეს, რომელიც თბილისსა და ქუთაისში ჩაატარეს, სამ უნივერსიტეტში (ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელობის სახელმწიფო ინივერსიტეტში და ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში).

 ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა თვლის, რომ ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში არაკვალიფიციური კადრები არიან, ხოლო სწავლების მეთოდები  მოძველებულია და ამიტომ საჭიროა ლექტორების  გადამზადება.

„თბილისში არის გაცილებით  მაღალი დონე საუნივერსიტეტო სწავლებისა, ვიდრე ქუთაისში. დღეს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვს ნაკლები შესაძლებლობა, რომ  პიროვნულად ან პროფესიულად გავნითარდნენ,რის გამოც რეგიონალური მიგრაციის დონე ქვეყნის ცენტრისაკენ ძალიან მაღალია. მათი აზრით დედაქალაქში სწავლება უფრო პრესტიჟული და აუცილებელია მათთვის“– განაცხადა „ახალგაზრდა სოციალისტების“ ერთ–ერთმა წევრმა გიორგი მახათაძემ.

„ახალგაზრდა სოციალისტების“ აზრით, სახელმწიფომ და რეგიონის ადგილობრივმა მმართველმა ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ სტრატეგია ამ პრობლების გადასაჭრელად.

„პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ახალგაზრდებში განათლებისა და განვითარების სფეროებს. სახელმწიფოს მიერ ამ სფეროში დახარჯული თანხები უნდა განიხილებოდეს როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ეს იქნება ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიცია, რომელიც ათმაგად და ასმაგად სასიკეთოდ დაუბრუნდება ქვეყანას“– აღნიშნა ორგანიზაციის წევრმა ზიზი ჯანელიძემ.

ავტორი: თამუნა ადეიშვილი