ქუთაისის მერიაში გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია
ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსების, მისი მოადგილეებისა და განყოფილების უფროსების ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსის შედეგები რამდენიმე ვაკანსიაზე ცნობილია.
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე რჩებიან სამსახურის უფროსების, მისი მოადგილებისა და განყოფილების უფროსების მოვალეობის შემსრულებლები.
მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახური, ზედამხედველობის სამსახური, ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახური, მერიის საფინანსო სამსახური, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური, მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის სამსახური, სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახური, მერიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის განყოფილება, საბინაო კომუნალური მეურნეობის სამსახური, ეკონომიკური პოლიტიკისა და ინესტიციების მართვის სამსახური – ეს იმ სამსახურებისა და განყოფილების ჩამონათვალია, რომლებზეც 7 კაციანმა საკონკურსო საატესტაციო კომისიამ, ხელმძღვანელად ის პირები დატოვა, რომლებიც ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებლები გახლდნენ აღნიშნულ პოზიციაზე.
საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის განმარტებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის.
"რადგან, ეს კანდიდატურები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას გასულ კვირას დასამტკიცებლად წარედგინა", – განმარტმა newpress.ge–სთან საუბარში მარგველაშვილმა.
რაც შეეხება, დანარჩენი სამსახურებისა და განყოფილების უფროსების თანამდებობებს, მარგველაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ პოზიციებზე კონკურსის მეორე ეტაპი ამ დრომდე არ დასრულებულა.
"დაგვრჩა რამდენიმე სამსახური და გავივლით გასაუბრებას და ისიც გახდება ცნობილი", – აღნიშნავს მარგველაშვილი.
მერიაში კონკურსი 52 ვაკანსიაზე მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გამოცხადდა.
ავტორი: თეკლა მორგოშია