ქუთაისი ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა
ქუთაისის ქუჩები გუშინ მოსული თოვლისგან ამ დრომდე გაუწმენდავია, რის გამოც სატრანსპორტო და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება შეზღუდულია.
"ვერც ფეხით გაივლი, მანქანებსაც უჭირთ ასეთ გაუვალ თოვლში მოძრაობა. ყველაგან მოუწესრიგებელია გზები. რატომ არავინ წმინდავს? რას აკეთებდნენ ამ დრომდე გაუგებარია, ხალხისთვის არავის ცალია," - აცხადებენ ქუთაისის მაცხოვრებლები.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ქალაქის ცენტრალური უბნები გაწმენდილია და ამ დროისთვის მხოლოდ საფიჩხიის გარკვეული მონაკვეთია გაუწმენდავად დარჩენილი.
"პირველ რიგში ქალაქის ცენტრი უნდა მოწესრიგებულიყო. ქუთაისში 1000-ზე მეტი ქუჩაა და პარალელურ რეჟიმში ყველა ქუჩის გაწმენდა შეუძლებელია," - აცხადებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ზამბახიძე.
ქუთაისში ქუჩების გაწმენდის სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების და დასუფთავების სამსახურები არიან ჩართული. როგორც ზამბახიძე განმარტავს, აღნიშნულ სამსახურებს მერიის კეთილმოწყობის სამსახური მხოლოდ საორგანიზაციო კუთხით უწევს დახმარებას, რადგან სპეცტექნიკა ამ უკანასკნელის დაქვემდებარებში არ შედის.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ქუთაისის ცენტრალურ უბნებს სამი ნიჩაბი და 1 გრეიდერი წმენდდა.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა