სიჩქარის გადაჭარბებაზე 100-ლარიანი ჯარიმის განახევრების ინიციატივა პარლამენტს უკვე წარედგინა
უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულია მთავრობის კანონპროექტი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმის ოდენობის 100 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს.
ამავე ცვლილებების ფარგლებში, ნახევრდება საგზაო მოძრაობის წესების დაღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის და მასზე დარიცხული საურავის გადაუხდელობისთვის მართვის უფლების ჩამორთმევის ვადები. კერძოდ, 1 წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა იცვლება ექვსი თვით, ხოლო 2 წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა - 1 წლის ვადით.
გარდა ამისა, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" მოქმედი ნორმის თანახმად, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო, 1 წლის ვადით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისთვის პირმა 1000 ლარიანი ჯარიმა უნდა გადაიხადოს, ხოლო 2 წლის ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში - 1500 ლარი. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, კანონის ეს ნაწილიც იცვლება - 6 თვის ვადით ჩამორთმეული მართვის უფლების დადგენილება შეიცვლება 500 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო მართვის უფლების ერთი წლის ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.
ავტორი: ნიუპრესი