|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ესპანელები ქუთაისში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობით დაინტერესდნენ

ესპანური კომპანია „კურატა სისტემს“ ქუთაისში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობითაა დაინტერესებული. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, სამინისტროში ესპანელ ინვესტორებს შეხვდნენ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ესპანეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიორგი პოლოლიკაშვილი. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრაზე ესპანური კომპანია „კურატა სისტემს“ დირექტორმა, ჯულიო ტორეს ვერეზმა ნარჩენების გადამუშავების მისეული ტექნოლოგია წარმოადგინა და ქართულ მხარესთან აქტიური  თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

დღეისთვის, კომპანიას რამდენიმე საწარმო აქვს ესპანეთში, ოპერირებს ეკვადორში, რუსეთში და საწარმოს ხსნის უზბეკეთში.

„ჩვენ უკვე გვაქვს მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგია და ვიცით, რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ,“ - განაცხადა შეხვედრის დასასრულს დავით ნარმანიამ, - „სახელმწიფო გამოყოფს თანხებს ნარჩენების მართვისთვის, მაგრამ ბიუჯეტის ფული, ძირითადად, ძველი ნაგავსაყრელების მოწესრიგებას ხმარდება. ახალი სიტყვა ამ კუთხით სწორედ კერძო კომპანიებმა უნდა თქვან. მათი მხრიდან კი, დაინტერესება არის, რაზეც ის საქმიანი წინადადებები მეტყველებს, რომელიც უკვე მივიღეთ.“

შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შედგა.  

ავტორი: ნიუპრესი