|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "კომენდატის საათია" - ახალგაზრდები სამართალდამცველებს ადანაშაულებენ

ქუთაისის ახალგაზრდობა პოლიციის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს. მათი განცხადებით ქალაქში "კომენდატის საათია" გამოცხადებული. აღნიშნულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ახალგაზრდული პოზიცია" ავრცელებს.

"ორგანიზაცია დაინტერესდა იმით, თუ რა სჭირდება ქუთაისელ ახალგაზრდებს, რომ უფრო აქტიურები იყვნენ. გამოკითხულთა უმრავლესობა მოითხოვს მეტ პატივისცემას სამართალდამცველების მხრიდან. მათი თქმით საღამოს 9 საათის შემდეგ თუ შენიშნავენ ახალგაზრდას ქუჩაში, აჩერებენ, მიჰყავთ, სცემენ, ნარკოლოგიურ განყოფილებაში მთელი დღე ალოდინებენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ბოდიშსაც არ იხდიან. ასევე, ისინი ამბობენ, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები დაემორჩილნენ სამართალდამცველებს, გაყვენ კიდეც, მაგრამ რატომღაც დაუმორჩილებლობის 173-ე მუხლით გაასამართლებენ, რაც ითვალისწინებს 2000 ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით," - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე შეფასებით, ქალაქში ასევე, არის ტრანსპორტის პრობლემაც. "საღამოს 8 საათის შემდეგ სამარშრუტო ტაქსები აღარ მოძრაობენ. ასეა თუ ისე, პარლამენტის გადმოტანით თბილისიდან ქუთაისში, მეორე დედაქალაქის ბედი დიდად არ შეცვლილა. ისევ ძველებურად საღამოს ტრანსპორტი არ დადის, ისევ ძველებურად საშიშია პოლიცია. აღნიშნული მდგომარეობა 1 ოქტომბრამდეც იყო და შემდეგაც გრძელდება. რთულია ქალაქის განვითარებაზე, ახალგაზრდების აქტიურ ცხოვრებაზე ისაუბრო, როდესაც ქალაქი არ იძლევა რესურსს. ჯერ ქუთაისი, მეორე დედაქალაქი, ძველია აია დაემსგავსოს ქალაქს, ისეთ ქალაქს, როგორიც მის სტატუსს შეეფერება. შემდეგ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ახალგაზრდები მეტად ჩართულები და აქტიურები.
გვიჩნდება კითხვა, ნუთუ ჩვენს ქალაქში „კომენადანტის საათი“ დააწესეს? რატომ მაინც და მაინც 9 საათის შემდეგ ეკრძალებათ ახალგაზრდებს ქუჩაში სიარული და არა 12-ის ან 2-ის შემდეგ? ნუთუ სამართალდამცველებს ყველაფრის უფლება აქვთ და ჩვენ არაფრის? ნუთუ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში გადაადგილება გვეზღუდება?"- აცხადებენ „მომავლის ახალგაზრდული პოზიციის" წარმომადგნელები მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ავტორი: ნიუპრესი