|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პარლამენტის უკან მიტოვებულ სამშენებლო მასალებზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს

ქუთაისში, პარლამენტის შენობის უკან მდებარე ეზო ამ დრომდე მინებითა და სამშენებლო ნარჩენებითაა სავსე. რის გამოც პარლამენტის უკან მდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელადაა ქცეული. 

იხილეთ ფოტო 

აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას, პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.  

როგორც ხაჩიძე ამბობს, პარლამენტის უკან ეზოში ნარჩენებთან ერთად, ჯერ კიდევ სასარგებლო სამშენებლო მასალები ნადგურდება 

"ასე ყრია და ნადგურდება ძვირფასი ქონება, უუნარო, თუმცა არაპომპეზური და მომჭირნე ხელისუფლების ხელში. გასაგებია, რომ პარლამენტის გადატანა გინდა, მაგრამ შე ოჯახ-აშენებულო, ეს ხომ ქონებაა, ფული ხომ გადახდილია, ხომ გვჭირდება.

ჯერ იყო და პარლამენტის წინა შესასვლელის ფილები დაიმსხვრა და განადგურდა მანქანების სიარულით, ახლა ეს ძვირფასი მასალა ილეწება,"–  ამბობს გოგა ხაჩიძე. 

საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე შოთა გოშაძე newpress.ge სთან საუბარში განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ისინი პასუხისმგებლები არ არიან.  

"ჩვენ თბილისში რუსთაველის N8 ში მდებარე პარლამენტის შენობაზე ვაგებთ ოფიციალურად პასუხს. ქუთაისში მდებარე პარლამენტისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პასუხს ვერ გაგცემთ. აღნიშნულ საკითხებზე სახელმწიფო მომსახურების ბიუროა კომპეტენტური,"- განმარტა გოშაძემ.  

თუმცა, როგორც სახელმწიფო მომსახურების ბიუროში განმარტავენ, პარლამენტის ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო მასალები ამორტიზებული და უსარგებლოა.

"ეს ტერიტორია იყო სამშენებლო მოედანი, სადაც ახლა არსებული საამშენებლო მასალები ამორტიზებული და უსარგებლოა. მათ გასუფთავებაზე კი პასუხისმგებელი ის კომპანია იყო, რომელიც პარლამენის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა,"– ამბობს სახელმწიფო მომსახურების ბიუროს მრჩეველი მშენებლობის დარგში თემურ კაციტაძე newpress.ge სთან საუბარში. 

როგორც პარლამენტის მშენებელი კომპანია "მენო ინტერნეიშენალი"–ის დირექტორი გია კურცხალია განმარტავს, სამშენებლო მასალების გატანა ამ დრომდე იმიტომ ვერ მოახერხეს, რომ კომპანია დაყადაღებულია. 

"შესაბამისად, ჩვენ ვერ დავასრულეთ სამშენებლო სამუშაოები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიააზე. ამიტომ ჩვენ ახლა პარლამენტის  ტერიტორიაზე არანაირი ექსპლოატაციის გაწევის უფლება არ გვაქვს,"– ამბობს newpress.ge სთან საუბარში გია კურცხალია. 

 

ავტორი: ანა ჯანაშია