უკრაინელები დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვისაც იბრძვიან – აქცია ქუთაისში
ქუთაისში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი
კიდევ ერთი აქცია გაიმართა. აქციას ორგანიზება "თავისუფალმა ზონამ" გაუწია, თუმცა "თავისუფალი
ზონის" წარმომადგენლების აზრით: "სლოგანი "სოლიდარობა უკრაინას" არ არის რომელიმე ორგანიზაციის
საკუთრება. უკრაინას საქართველოში მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ყველა ადამიანმა და პარტიამ პოლიტიკური
შეხედულების მიუხედავად", – განაცხადა "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელმა, ელისო კეთილაძემ.
აქციაში მონაწილეობა 50–მდე სტუდენტმა, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. თუმცა, აქციის მონაწილეთა აზრით, აქციებს უფრო მასშტაბური
ხასიათი უნდა ჰქონდეს მთელ საქართველოში, რადგან "ის მოვლენები, რაც უკრაინაში ხდება, არის უკრაინელი ხალხის ბრძოლა რუსული ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ და მიმაჩნია, რომ
ქართველი ხალხი უნდა მოვიდეს გონს და ძალიან ფართო მასშტაბით უნდა იყოს გამოხატული
ეს მხარდაჭერა იმიტომ, რომ ფაქტობრივად, უკრაინელები ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისთვისაც იბრძვიან", – განაცხადა "ლიბერალური კლუბის" წარმომადგენელმა, გოჩა ჩხეტიამ.
"თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების
თქმით, აქციები პერმანენტულად გაიმართება.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი