"გაიმარტივე ვალის დაბრუნება"
ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობით წარმოქმნილ დავებს
სასამართლოს ნაცვლად აღსრულების ეროვნული ბიურო განიხილავს. ბიუროს ახალი სერვისი
„გამარტივებული წარმოება“ მიმდინარე წლის 22 მაისიდან ამოქმედდა, აქვე გაჩნდა სლოგანი
– „გაიმარტივე ვალის დაბრუნება“.
ქუთაისის იუსტიციის სახლში დღეს, აღსრულების ეროვნული
ბიუროს წარმომადგენლებმა ახალი სერვისის პრეზენტაცია
გამართეს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გამარტივებული წარმოების მომსახურება თანხის
გადახდევინებასთან დაკავშირებულ იმ საქმეებს განიხილავს, რომელზეც ვალის დამადასტურებელი
მტკიცებულება არსებობს.
„გამარტივებული წარმოება“ – ეს არის პროცესი, რომელსაც
ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო და რომელიც მიმართულია კრედიტორების ფულადი
მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს საშუალებით, სასამართლოსთვის
მიმართვის გარეშე შესაძლებელია ფულადი დავების
მოგვარება. სერვისის უპირატესობა მხარეების როგორც დროის, ისე ფიანანსური რესურსის დაზოგვაში მდგომარეობს,“
– ამბობს გამარტივებული წარმოების სამსახურის ქეის –მენეჯერი ავთანდილ ნუცუბიძე.
ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობასთნ დაკავშირებული
დავების დასრულება სამსახურმა 10 დღის ვადაში
უნდა უზრუნველყოს. თუმცა თუ მხარეებს შორის მორიგებაზეა საუბარი, აპლიკანტის მოთხოვნის
საფუძველზე, ერთი საქმის დასრულებისათვის განსაზღვრული
ვადის მაქსიმუმი შესაძლოა, 40 დღემდე გაიზარდოს.
ის პროცედურები, რომელიც ვალის დაბრუნების გამარტივებას ეხება, შემდეგია: აპლიკანტი
სამსახურში წარადგენს ვალის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. ამის შემდეგ აღსრულების
ეროვნული ბიურო შეტყობინებას მეორე მხარეს გადასცემს და ასევე, განუმარტავს იმ ნეგატიურ
შედეგებს, რაც საქმის სასამართლო წარმოებაში გადასვლას შესაძლოა მოჰყვეს. ამის შემდეგ
რესპონდენტს 10 კალენდარული დღის ვადაში შეუძლია თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა, პროტესტის გამოხატვა ან კიდევ მორიგების შეთავაზების შესახებ განცხადების გაკეთება.
მორიგების პროცესში კი მხარეები გადახდის ვადასა
და გადასახდელი თანხის ოდენობაზე თანხმდებიან.
„ამ ტიპის სერვისი აქამდეც არსებობდა, თუმცა შემოთავაზებული
ვარიანტი ბევრად დახვეწილი და გამარტივებულია. საშუალებას იძლევა ოპერატიულად დავიკმაყოფილოთ
მოთხოვნა. თუ სასამართლოში საქმის მსვლელობისას მოსამართლესთან ურთიერთობა შეუძლებელი
იყო, ახლა პროცესში ქეის–მენეჯერები არიან უშუალოდ ჩართული და მათთან გვაქვს კომუნიკაცია,“
– ამბობს იურისტი ირმა ტოგონიძე.
როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები
განმარტავენ, სერვისის ამოქმედებიდან დღემდე სამსახურში 150 განცხადება შევიდა, ხოლო
მათი 90% მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე