|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტი ქუთაისის ოპერის მუშაკებს ხელფასების მომატებას დაჰპირდა

 „მათ ვისაც უნდა პარლამენტი წაართვას იმერეთს, ძალიან ანგდოტური წარმოდგენა ჰქონია ქუთაისზე. ქუთაისი პირველ რიგში, ძალიან დიდი კულტურის და განათლების ცენტრია საქართველოსთვის. ახალ ოპერის თეატრში დაიდგა ქუთაისელი ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ,,დაისი“. ეს არის სიმბოლო ქუთაისის და მთლიანად ამ რეგიონის აღორძინების. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ ქუთაისს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისში, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში, სადაც ის ოპერა „დაისს“ დაეწრო. სააკაშვილის განცხადებით, ქუთაისის ოპერის თეატრში  მთლიანად განახლდება ინტრუმენტები და გაიზრდება ხელფასები.

როგორც ირკვევა, ეს დაპირება სააკაშვილმა თეატრის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მისცა, როდესაც ის თეატრში „დაისის“ გენერალურ რეპეტიციას დაესწრო. თეატრის მმართველის როზა დვალიშვილის თქმით, პრეზიდენტი გენერალურ რეპეტიციაზე 4 დღის წინ იმყოფებოდა და ხელფასების მომატებაზე სწორედ მაშინ ისაუბრა, დღეს კი ეს წინადადება ოფიციალურად დააჟღერა.

ქუთაისის თატრის გარდა, სააკაშვილმა დღეს ფოთის, ოზურგეთის, ახალციხისა და ბათუმის თეატრებზეც ისაუბრა. მისი თქმით მიმდინარე წელს დასრულდება ფოთის ახალი თეატრი, მოეწყობა ოზურგეთის, ახალციხის თეატრები და ბათუმის საზაფხულო თეატრი.  –  „ვასრულდებთ ფოთის ახალ თეატრს ძალიან მაგარი შენობით, საინტერესო არქიტექტურით, რომელშიც გადავა ფოთის თეატრის დასი.

დავავალე რამაზ ნიკოლაიშვილს, რომ ამ დღეებში, ოზურგეთის თეატრი ჩასვან ხარაჩოებში და დავეხმაროთ მათ დასს, რომ აღორძინდეს ის ტრადიცია რაც იქ არის. ვეხმარებით ახალციხის თეატრს და გვინდა ძალიან მაგრად გაკეთდეს. ბათუმში დღეს მე ვნახე ახალი ზაფხულის თეატრი, რომელიც აგვისტოში გაიხსნება და იქნება იმაზე სამჯერ დიდი, ვიდრე ის თეატრი, რომელიც ასლან აბაშიძემ გაანადგურა.  ბათუმში დავდგამთ პირველ სრულუფლებიან ოპერას უკვე აგვისტოში. ბათუმის დასი, მთლიანად ბათუმელი მუსიკოსებით დაკომპლექტდება. რომელ პატარა ქვეყანაშია, რომ ერთად რამდენიმე საოპერო თეატრი და დასი იყოს. ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა აღორძინების პერიოდშია ქვეყანა, მიუხედავად ყველა პრობლემისა, რომელიც ყოველ დღე გვაწუხებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა