სოზარ სუბარი გეგუთის ციხეში პატიმრების შიმშილობას დაგეგმილ აქციად მიიჩნევს
სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გეგუთის ციხეში პატიმრების შიმშილობის დაწყების გეგმებზე რამდენიმე კვირით ადრე იყო ინფორმირებული.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ამის შესახებ სახალხო დამცველსაც კი აცნობა.
მინისტრის ინფორმაციით, მოშიმშილე პატიმართა რიცხვი 1000-ზე ცოტა ნაკლებია.
ამასთან, სოზარ სუბარი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ პატიმარს დაზიანებები აქვს მიყენებული და შიმშილობის დაწყების მიზეზი ეს გახდა.
"პატიმრები რამდენიმე ვერსიას განიხილავდნენ, რა შეიძლება ეთქვათ შიმშილობის დაწყების მიზეზად. სახალხო დამცველსაც კი გავუგზავნე მესიჯი, არ გაგიკვირდეთ, როდესაც ეს დაიწყება-მეთქი. ყველა ადამიანს გარეთ გამოსვლა უნდა, რაც ცხადია, შეუძლებელია. როდესაც რეჟიმი კანონის ჩარჩოებში ექცევა, არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც ეს არ მოსწონთ, მაგრამ სხვა მიზეზს ასახელებენ. არასოდეს ამბობენ იმას, რომ კანონი ზღუდავს მათ უფლებებს", -აღნიშნა სუბარმა.
მინისტრი განმარტავს, რომ შიმშილობის დაწყების შესახებ რამდენიმე კვირის წინ იცოდა და ამ პერიოდის განმავლობაში ვერ ეცოდინებოდა, რომ "გუშინ რომელიმე პატიმარს შეიძლება დაზიანება ჰქონოდა".
"ეს არის დაგეგმილი აქცია", - აღნიშნა სუბარმა.
ავტორი: ნიუპრესი