|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრესკონფერენცია ქუთაისის მერის მუსიკალური აკომპანიმენტით

14 ივნისს ქუთაისის ოპერის თეატრის ფოიეში ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა პრესკონფერენცია გამართეს. თუმცა  მანამდე ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ ოპერის ფოიეში არსებულ როიალზე ბეთჰოვენის „მთვარის სონატიდან“ ნაწყვეტები შეუსრულა მუსიკოსების მოლოდინში მედიის გადაღლილ წარმომადგენლებს. მერმა ბეთჰოვენის მე-14 სონატით ერთგვარი შესავალი გაუკეთა და პრინციპშ გახსნა ის ფესტივალი, რომელიც ქუთაისში 15-17 ივნისს უნდა გაიმართოს, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

სწორედ ამ, „ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე“ ისაუბრეს ფესტივალის დამაარსებელმა მუსიკოსმა ლევან ცხადაძემ და სხვა სტუმრებმა, რომლებიც მოგვიანებით შემოესწრნენ სახელდახელო „კონცერტს“ და შეპირებული კონფერენციაც გამართეს.

ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდება და მასში ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. სოლო შემსრულებლებთან ერთად სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი დაუკრავს, რომელიც მანამდეც ხშირად სტუმრობდა  ქუთაისს.

„მართალია ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებში ვცხოვრობთ, მაგრამ აუცილებელია, რომ მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს ჩვენს ქვეყანასთან და აქ გავმართოთ კონცერტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რადგან მათ უნდა შეცვალონ ცუდი კარგით და კარგი უკეთესით“, - განაცხადა ლევან ცხადაძემ.

ფესტივალი კლასიკური მუსიკის შედევრებს შესთავაზებს ქუთაისელ მსმენელს, დაწყებული მოცარტით და შოსტაკოვიჩით დასრულებული, თუმცა გალა კონცერტზე პოპულარული მუსიკის ჟანრებსაც შეურევენ რეპერტუარში.

ფესტივალის მხარდამჭერია ადგილობრივი თვითმმართველობა. „ქუთაისი დიდი მუსიკალური ტრადიციების ქალაქია, ამ ტრადიციების გათვალისწინებით ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის არსებობა ქალაქში, რომელიც მაღალ მხატვრულ ღირებულებებს გაუწევს პროპაგანდას და საგანმანათლებლო ხასიათის იქნება“, - განაცხადა გია თევდორაძემ.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, რომელიც ლევან ცხადაძემ „შავ“, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან სამუშოდ შეაფასა. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა