|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მოქალაქე ჟურნალისტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“

„მოქალაქე ჟურნალისტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“,– ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრეზენტაცია დღეს ქუთაისში, ორ მიზნობრივ ჯგუფთან გაიმართება. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ   ჯგუფებს პროექტის მიზნებს და ამოცანებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი  ია ანთაძე გააცნობს. 16 ივნისს, ქუთაისში, ანალოგიური შეხვედრა, ჟურნალისტების და სტუდენტების ჯგუფებთან გაიმართა.

პროექტის  მიზანს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების სიტემაში მოქალაქეების ჩართვა წარმოადგენს. როგორც ია ანთაძემ განმარტა, მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მათ ხელში მოხვედრილი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო პროცესებს ეხება, სამოქალაქო განვითარების ინსიტუტს მიაწოდონ (www.cdi.org.ge). მოქალაქე ჟურნალისტების მიერ გაგზავნილი ინფორმაციის დადასტურების (გადამოწმების) შემთხვევაში, მოქალაქეები ჰონორარს მიიღებენ, რაც ერთ გადამოწმებულ ინფორმაციაზე 32 აშშ დოლარის ექვივალენტს წარმოადგენს ლარებში.

  „ვქმნით ერთგვარ საინფორმაციო ბანკს, რომლის მეშვეობით არჩევნების წინ ჩვენ გვექნება სრული სურათი რა ხდება მთელ საქართველოში. აქტიურ მოქალაქეებს, რომლებსაც საინტერესო ინფორმაცია ექნებათ, შეუძლიათ გამოგზავნონ ჩვენი ორგანიზაციის ვებ–გვერდზე, ეს შეიძლება  იყოს ფოტო, ვიდეო, აუდიო ჩანაწერი. ჩვენ მაქსიმალურად ვპირდებით ყველას, რომ დავიცავთ მათ ანონიმურობას. გვინდა სწორედ ამ გზით შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმაში, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე,“ – ამბობს ია ანთაძე.

პროექტი „მოქალაქე ჟურნალისტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“  საქართველოს 11 ქალაქში ხორციელდება. მასში მოქალაქე ჟურნალისტებთან ერთად, თითოეული ქალაქიდან 2 პროფესიონალი ჟურნალისტი და 1 კოორდინატორია ჩართული.

პროექტის ხანგრძლივობა, რომლის მხარდამჭერი გაეროს დემოკრატიის ფონდია, 18 თვეს მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში, მასში ჩართული პროფესიონალი ჟურნალისტების მიერ,  ჯამში 110 სტატია მომზადდება და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდება.  

„მნიშვნელოვანი შეთავაზებაა აქტიურ ჟურნალისტიკაში ჩართული პირებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ ამბავს აწყდებიან. მოქალაქეებს კი საშუალება ეძლევათ თუნდაც ქუჩაში ყოფნის პერიოდში საინტერესო მომენტი დააფიქსირონ. მითუმეტეს ფინანსური ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, პროექტი საარჩევნო პროცესების მონიტორინგის ფუნქციასაც შეითავსებს,“ – ამბობს ჟურნალისტი მირიან გორგოძე.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე გამართა  გორსა და ხარაგაულში. სამიზნე ჯგუფებს მედია, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ. არჩევნების დასრულების შემდეგ, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი 3 სიღრმისეული რეპორტაჟისა და 2 ფილმის მომზადების მიზნით, კონკურსის გამოცხადებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა