|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ჟურნალისტებისთვის სამთვიან საშვებს გასცემს

ქუთაისის მერიაში ჟურნალისტებისთვის საშვებს გასცემენ. საშვები სამთვიანი იქნება. ამის შესახებ, ქუთაისის მერიის აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო გაბრიჭიძემ განმარტა. 
მისი თქმით, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება არც ერთ ჟურნალისტს არ შეეზღუდება. 
"უბრალოდ, ეს იქნება კანონის შესაბამისად, გაკონტროლებული და მოწესრიგებული. კონტროლის მექანიზმი არა მხოლოდ, მედიისთვის არამედ, მერიაში შესვლის მსურველ ნებისმიერ ადამიანზე განხორციელდება", -  ამბობს გაბრიჭიძე. 
მერიის აუდიტისა და კონტროლის სამსახურში განმარტავენ, რომ მერიის ადმინისტრაციულ შენობაში აღნიშნული კონტროლის ამუშავების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს,  რაც ერთ-ერთი სამსახურიდან უკანონოდ მოხდა ინფორმაციის გასვლა. 
"თქვენ არ იცით აქ რა ხდება. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი სამსახურიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავიდა. საჯარო ინფორმაციის გაცემასაც აქვს თავისი წესები. თქვენ აკეთებთ თქვენს საქმეს, ჩვენ კი ჩვენსას", - განმარტავს სოსო გაბრიჭიძე. 
  

ავტორი: თეკლე მორგოშია