ქუთაისში უპატრონო ცხოველებს სანახევროდ ევროპული სტანდარტებით მოუვლიან
ქუთაისის მერიამ უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის მოვლა–პატრონობაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ ინდ.მეწარმე „პაატა ბოკუჩავასთან“ გააფორმა. თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, ინდ.მეწარმე ხელშეკრულებით
გათვალიწინებულ სატანდერო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ასეთ პირობებში, ტენდერში გამარჯვებულმა, ერთი წლის მანძილზე
ქალაქში უმეთვაყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია უნდა უზრუნველყოს.
„მართლია, ჩვენს მიერ ჩადებული პირობების ნაწილს არ შეესაბამება ინდ.მეწარმის ძაღლსაშენში არსებული პირობები, თუმცა, წლების წინ არსებულ ვითარებასთან შედარებით გაუმჯობესებულია“, – ამბობს ქუთაისის მერიის დასუფთავების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ დეისაძე.
მერიამ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 21 თებერვალს გააფორმა. ინდ.მეწარმე "პაატა ბოკუჩავა"-ს ვალდებულებაა, მიმდინარე წლის ბოლომდე, 89 999 ათასი ლარის სანაცლოდ, ქალაქის ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში მოახდინოს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია.
უპატრონო ძაღლების დაჭერა თანამედროვე ძაღლსაჭერით და უმტკივნეულოდ, ძაღლების განთავსება იზოლირებულ საკარანტინო გალიებში და რამოდენიმე დღის განმავლობაში ვეტერინარის მიერ ძაღლებზე დაკვირვება, ორჯერადი კვება და ვეტ. ექიმთა ჯგუფის მიერ კასტრაციის ჩატარება - ეს იმ პირობების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესრულების ვალდებულება ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმეს ხელშეკრულების თანახმად აქვს.
ბოკუჩავამ აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ თანხაზე (ტენდერი გამოცხადებული იყო 129 000 ლარზე) 39 001 ლარით ნაკლები მოიხთოვა.
სატენდერო პირობების მიხედვით, უმეთვალყურედ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის პასუხისმგებელ ორგანიზაციას 100 ერთეული ძაღლისთვის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი გალია უნდა ჰქონოდა. თუმცა, ხელშეკრულების დადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ავტომშენებლის ქუჩა #49–ში მდებარე თავშესაფარში ინდმეწარმე „პაატა ბოკუჩავას“ მხოლოდ ხუთი გალია ჰქონდა გაკეთებული.
მერიის დასუფთავების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ დეისაძე იმედოვნებს, რომ წლის განმავლობაში ბოკუჩავა შეასრულებს სატენდერო პირობებს. მისივე თქმით, მთავარია ქალაქში მაწანწალა ძაღლებისა და უმეთვალყურეოდ დარჩენილი მსხვილფეხა ცხოველების პრობლემა აღარ იყოს.
თავად, პაატა ბოკუჩავა ირწმუნება, რომ ქალაქში ე.წ. მაწანწლა ძაღლების პრობლემა აღარ იქნება და ის აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. თუმცა, ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ქუთაისი ამერიკა არ არის და ძაღლებს ქალაქის დონისა და მოთხოვნის შესაბამისად მიხედავს.
ავტორი: თეკლე მორგოშია