"ნაციონალი" დეპუტატი – ქუთაისის მერიაში მივლინებებით მხოლოდ ხალისობენ და ერთობიან
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ მივლინებებისთვის დახარჯულ თანხებს "ნაციონალი" დეპუტატი უშედეგოს უწოდეს.
ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი" დეპუტატი, დავით გოგისვანიძე ამბობს, რომ მივლინებებით მხოლოდ ხალისობენ და ერთობიან.
გოგისვანიძის თქმით, მიუხედავად წლების განმავლობაში მათი პარტიის მიმართ კრიტიკისა, ქალაქში მიმდინარე აღმშენებლობითი პროცესები იმ მივლინებების შედეგი იყო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს იგეგმებოდა.
„ბევრი ის ნოვაცია, რაზეც ახლა ქალაქის ხელისუფლება ტრაბახობს, ჩვენ დროს იყო დანერგილი. მივლინებების შედეგად ამ ნოვაციების არა მარტო კოპირება ხდებოდა, არამედ რაღაც ცვლილებები შეგვქონდა და ეს იყო ყველაფერი შედეგზე ასახული, ამას გრძნობდა მოსახლეობა. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ამათი მმართველობა, გაყინული და გაჩერებულია ქუთაისში ყველაფერი. რაც შეეხება ინვესტორების მოზიდვას, თვალით არ გვინახავს ქუთაისში ინვესტორები. არანაირი მივლინებები მაგათ არ უშველით. ალბათ, ხალისობენ, მაგრამ ხალხი მათ პასუხს მოთხოვს," - აცხადებს დავით გოგისვანიძე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თანამდებობის პირთა მივლენებების შედეგად ქუთაისში გაჩნდა თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობი და ქალაქით არაერთი ინვესტორი დაინტერესდა. ამის მაგალითად გოგისვანიძეს „შიტრიტ ჯგუფი" მოჰყავს, რომელმაც ქუთაისში №1 ბავშთა პოლიკლინიკის ყოფილი შენობა შეისყიდა და სასტუმრო „იმპერია" მოაწყო. გოგისვანიძის მტკიცებით, „შიტრიტ ჯგუფი" ქუთაისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას აპირებდა.
ავტორი: ნიუპრესი