"ნაციონალი" დეპუტატი ქუთაისის მერიას - პატიოსანი წესებით ითამაშეთ
"ნაციონალი" დეპუტატების რეპლიკით დაიწყო ქუთაისის საკრებულოს დღევანდელი რიგგარეშე სხდომა. "ნაციონალი"დეპუტატმა, გია გოქაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლი უწოდა და აღნიშნა, რომ 21 მაისს მისი დაპატიმრებიდან ერთი წელი შესრულდა.
გოქაძემ ასევე, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ნოდარ მიქიაშვილს კითხვით მიმართა, შეხვდება თუ არა ქუთაისი დამოუკიდებლობის დღეს ვასილ კიკვიძის ძეგლთან ერთად.
"ქუთაისი 26 მაისს აღნიშნავს ისე, როგორც ეკადრება და ეს არ იქნება დამოკიდებული იმაზე, იქნება თუ არა კიკვიძის ძეგლი ქალაქში. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი აუცილებლად მოხდება," - განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.
საკრებულო "ნაციონალმა" დეპუტატმა ქუთაისში მართვის ტერიტორიულ ორგანოებში ბოლო პერიოდში თანამშრომელთა ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა.
"ტერიტორიულ ორგანოებში მოხდა ორ-ორი ადამიანის დამატება და ეს არ არის იმ უნიკალური დემოკრატიის ნიმუში, რასაც თქვენ ითხოვთ. პატიოსანი წესებით ითამაშეთ," - მოუწოდა გია გოქაძემ ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას.
გოქაძის აღნიშნული განცხადების შესახებ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ერთთვიანი შვებულებით სარგებლობენ.
"რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან თანამშრომლებმა ითხოვეს შვებულებაში გასვლა იმ მიზეზით, რომ საარჩევნოდ პარტიული საქმინობით იყვნენ დაკავებული. ჩვენ არ გვსურდა რომელიმე პარტიას საარჩევნოდ ხელი შეშლოდა. ამ ერთი თვის განმავლობაში, მუნიციპალიტეტებს თანამშრომლები პროექტების მიხედვით დაემატა, სამუშაოები რომ არ შეჩერდეს. ეს არ არის ჩანაცვლება, ესაა ერთთვიანი წესი," - განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა