„ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები არიან“
მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია, მიუწვდომელი
განათლება და ჯანდაცვა, ამორტიზებული საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა და მძიმე
სოციალური პირობები, ეს იმ ჯგუფისათვის დამახასიათებელი პრობლემების არასრული
ჩამონათვალია, რომელსაც ე.წ. ქუჩის ბავშვების სახელწოდებით იცნობენ.
„ჩვენ
ვგეგმავთ მათ სოციალურ ინტეგრაციას. რამდენიმე ბავშვი საიას საკვირაო სკოლაშია
ჩართული. ვუწესრიგებთ დოკუმენტებს. ეს
ადამიანები, რომლებიც ხელგაწვდილნი დგანან და მოწყალებას ითხოვენ, ჩვენი
საზოგადოების ღირსეული წევრები არიან. საკითხთან დაკავშირებით ჩვენი
რეკომენდაციები უკვე გადავეცით ადგილობრივ ხელისუფლებას. ვიმედოვნებთ, რომ 2012 წლის ბიუჯეტში თუ არა მომდევნო წლის
ბიუჯეტში მაინც მოხდება მათი ასახვა,“ - ამბობს
საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას
სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის
წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ
თოფურიძის თქმით, ქუჩის ბავშვები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, ისინი
საქართველოს მოქალქეები არ არიან და ქვეყანაში ახლომდებარე სასაზღვრო ზონებიდან
შემოდიან.
„იმ ნაწილის
საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, გარკვეული არ არის. ჩვენ მზად ვართ
ვითანამშრომლოთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გვჭირდება რეკომენდაციები,
დისკუსიები, ექსპერტების რჩევები, რომ
ადგილობრივ ბიუჯეტში ეს პრობლემები
გავითვალისწინოთ იმდენად, რამდენადაც იქნება მარგი ქმედების კოეფიციენტი,“
- ამბობს თენგიზ თოფურიძე.
პროექტი „ჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართ“ გასული
წლის სექტემბრიდან ხორციელდება. მისი მიზანი
აღნიშნული ჯგუფის პრობლემების ადვოკატირება, სახელმწიფოსა და მათ შორის
მედიატორის როლის შესრულებაა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე