ქუთაისში ხიდების რეაბილიტაციის პროცესი განახლდა
ქუთაისში რუსთაველისა და აღმაშენებლის სახელობის ხიდების რეაბილიტაციის პროცესი განახლდა.
აღნიშნულ
ხიდებზე სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,გეგი“
ახორციელებდა, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა.
ხელშეკრულების გადაცილებაზე და სამუშაოების თვითნებურად შეწყვეტაზე
,,გეგი“-ს 163 ათასი ლარის საჯარიმო სანქციები დაეკისრა. ამ საკითხს ქუთაისის სასამართლო განიხილავს.
,,ტენდერში მონაწილე კომპანიამ ვერ შეძლო სამუშაოების შესრულება, 3 თვე
გადააცილა, ამიტომ ჩვენ მას ხელშეკრულება შევუწყვიტეთ, რაც ნორმალურია და
ვფიქრობ, რომ კომპანიები, რომლებიც არ ასრულებენ ჯეროვნად სამუშაოებს და
წლობით ავადებენ მას ტენდერში არ უნდა ღებულობდნენ
მონაწილეობას.“- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. მან საკრებულოს
თავმჯდომარე დავით დვალთან და ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან
მალხაზ ბასილაძესთან ერთად ხიდებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ამჯერად
ხიდების რეაბილიტაციის დასრულებაზე პასუხისმგებლობა შპს-ს "Geo
construction" გადაეცა. კომპანია სამუშაოებს 103 800 ლარში ახორციელებს.
ხელშეკრულების თანახმად, ხიდების რეაბილიტაცია 35 დღეში უნდა დასრულდეს.
როგორ მერიის პრესსამსახურიდან Newpress.ge-ს განუმარტეს, ახალი კომპანია ტენდერის გარეშე შეარჩია, მასთან ხელშეკრულება ერთ სუბიექტთან
მოლაპარაკების საფუძველზე გაფორმდა.
ავტორი: ნიუპრესი