ვანო ჟორჟოლიანი:"ქალბატონ მარინას შეეძლო სხდომაზე დასწრების თხოვნით პირადად ჩემთვის მოემართა"
"ქალბატონ მარინას თუ სურდა სხდომაზე დასწრება, შეეძლო პირადად ჩემთვის მოემართა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ მისთვის უარი გვეთქვას სხდომაზე დასწრებაზე ", - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსმა ვანო ჟორჟოლიანმა მრავალშვილიანი დედის, მარინა დახუნდარიძის მიერ გამოთქმული პრეტენზიის საპასუხოდ. როგორც ცნობილია, მისი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ის ფაქტიც გახდა, რომ მან ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო. დახუნდარიძის მსგავსად, საკრებულოს დარბაზის მიღმა რამდენიმე ადამიანიც დარჩა. მათი მტკიცებით, მათ ბარიერი ხელოვნურად შეუქმნეს, საშვთა ბიურომ მუშაობა 11 საათზე შეწყვიტა. ამის გამო მარინა დახუნდარიძე ქალაქის თვითმმართველობის შენობის წინ საკრებულოს წევრებთან შეხვედრას და რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვდა. ვანო ჟორჟოლიანის თქმით, დარბაზი გადაჭედილი იყო, ამიტომ სხდომას ყველა ვერ დაესწებოდა. "რაც შეეხება იმას, რომ საშვთა ბიურო იყო თუ არა დაკეტილი, თორმეტი საათის შემდეგ ჩემი დავალებით თანამშრომლები გადაერთვნენ სხვა საქმეზე",- განაცხადა ჟორჟოლიანმა ნიუპრესთან საუბარში.
ავტორი: ანა ჯიქია