,,ზვიგენი გაყიდე, უნივერსიტეტი არა!“ - სტუდენტებისა და ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ბათუმში
,,სწავლა სინათლეა,
უსწავლელობა ბიძინა“, ,,ზვიგენი გაყიდე, უნივერსიტეტი არა“, ამ და სხვა სახის ლოზუნგების
ფონზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და ათამდე სტუდენტმა ბათუმში ტექნოლოგიური
უნივერსიტეტის გაყიდვა გააპროტესტეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შენობის გაყიდვა და მისთვის ფუნქციების შეცვლა გაუმართლებელია. ისინი ამას ბიძინა ივანიშვილის ახირებად მიიჩნევენ. უნივერსიტეტის გასხვისების ფაქტს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ,,ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაახლოებით ორას მილიონ დოლარიანი პროექტი იყო და ის ემსახურებოდა მსოფლიოს საუკეთესო დონის ქართველი ინჟინრებისა და სპეციალისტების მომზადებას, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულების რიგებში ჩაყენებას. შენობა თითქმის ბოლომდე იყო დამთავრებული და უნივერსიტეტს პირველი სტუდენტები 2013 წელს უნდა მიეღო. ივანიშვილმა, მარგველაშვილის ხელით, ეს პროექტი შეაჩერა და ახლა უნივერსიტეტის გაყიდვა გამოაცხადა. კავკასიის ყველაზე მაღალი და ლამაზი შენობა, უნდა ქცეულიყო განვითარებული და განათლებული საქართველოს სიმბოლოდ. ახლა ივანიშვილმა იგი ჩვენი ქვეყნის გაბანძების და მისი პირადი სიხარბის მაგალითად აქცია. ბათუმს ართმევენ ევროპაში საუკეთესო უნივერსიტეტს, ქუთაისს პარლამენტს, თბილისს შემოვლით გზას და სხვა დიდ პროეტებს“, - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას განაცხადა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნება, ოღონდ არა ამ შენობაში, მისი თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა მას ეკუთვნის: "იდეა ჩემი იყო. რამდენიმე წელი ვიმუშავე ამ იდეაზე. არქიტექტორებზე მილიონი მაქვს გადახდილი, ხოლო ის, რაც ბათუმში აშენდა, ეს არის ანეგდოტური შენობა. ამას არ შეიძლება უნივერსიტეტი დაერქვას. იქ ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ განთავსდება. ეს შენობა ტექნიკური უნივერსიტეტის იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის", - თავისი პოზიცია ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში "პოზიცია" დააფიქსირა.
ახლახანს კი საპროტესტო ტალღა ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ აგორდა,
რომლის თანახმადაც ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის აუციონზე გასატანად თითქმის ყველაფერი
მზადაა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე