ხარვეზები ,,ქართული ოცნების" რეგიონალურ ოფისებში
უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ,,ქართული ოცნების" რეგიონალური აქტივების ხარვეზებსა და მათში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს. მისი განცხადებით, პარტიის რეგიონალური ,,ფრთები" ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და მათთან სერიოზული სამუშაოებია გასაწევი. ლორთქიფანიძე იმასაც აღნიშნავს, რომ შეიქმნება შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში გავლენ და თავად შეისწავლიან არსებულ პრობლემებს. ,,დაგეგმილია შეხვედრები ადგილზე პარტიულ აქტივთან, გამგებლებთან, გუბერნატორებთან, საკრებულოებში ჩვენი ფრაქციის წევრებთან, თუ პარტიული აქტივი ადგილზე საჭიროდ ჩათვლის, ჩვენ ასევე შევხვდებით მოსახლეობასაც. ეს არის ე.წ. მოთელვა, ამის შემდეგ კიდევ დაიგეგმება მსგავსი ღონისძიებები, რათა საქმე დაიძრას მკვდარი წერტილიდან. დასამალი არ არის, რეგიონებში ჩვენი პარტიული სტრუქტურები თითქმის ჩამოუყალიბებელია. მე ვფიქრობ ეს ძალიან საინტერესო ნოვაციაა და შედეგს აუცილებლად მოიტანს. ბოლოს და ბოლოს, უნდა გავარკვიოთ, როგორ მუშაობდნენ რეგიონებში ჩვენი სტრუქტურები და რა ხდება ამჟამად. ასევე შესასწავლია პარტიის წევრების რაოდენობა, ვინ გავიდა, ვინ შემოვიდა, ან კიდევ, ვინ უნდა დავიმატოთ" - აცხადებს ლორთქიფანიძე. მისივე თქმით, პარტიის რეგიონალური წარმომადგენლები, რიგი საკითხების გამო განაწყენებულები არიან.
ავტორი: ნიუპრესი