|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელ ზედა ვანში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე იოსებაშვილმა მოინახულეს. უკვე 22 წელია, რაც სოფელში  სკოლა ყოფილი საკრებულოს შენობაში არის განთავსებული, რომელიც სავავალო მდგომარეობაშია და სასწავლო პროცესისთვის შეუფერებელი ინფრასტრუქტურა აქვს. ახალი სკოლის მშენებლობისთვის 1 279 459 ლარი არის გამოყოფილი, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,პარმაღი" ახორციელებს. კომპანია 18 დეკემბრიდან შეუდგა მუშაობას. სოფელი ზედა ვანში ახალ სასწავლო წელს თანამედროვე ტიპის ორსართულიანი სკოლით შეხვდება. იგი დაახლოებით 200 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლით ზედა ვანის მოსზღვრე სოფლების: გადიდისა და ონჯოხეთის მცხოვრებლებიც ისარგებლებენ. ზედა ვანში სკოლის მშენებლობა ჯერ კიდევ 90 – იან წლებში დაიწყო, თუმცა  ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო პროცესი აღარ გაგრძელებულა. მშენებლობა 2012 წლის სექტემბერში განახლდა, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული იყო პროექტიც, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო მშენებლობა მალევე შეჩერდა.

ავტორი: ნიუპრესი