ზუგდიდი-ანაკლიის გზა გადაკეტილია - აბულაძეების ოჯახი შვილს ეძებს და პრემიერს პასუხს სთხოვს
დღეს დილიდან ზუგდიდი ანაკლიის ცენტრალური გზა გადაკეტილია. აბულაძეების ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა, ცინარა აბულაძე აცხადებს, რომ სამი წლის წინ 18 იანვარს მისი შვილი გოგიტა აბულაძე გაუჩინარდა და მას შემდეგ შვილის შესახებ არაფერი იცის.
აბულაძეებმა არაერთი აქცია გამართეს, ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, თუმცა უშედეგოდ. იმ მოთხოვნით, რომ გარკვეულ იქნას აბულაძეების შვილის გაუჩინარების ამბავი, დღეს ოჯახის აქციას უკვე თანასოფლელებიც შეუერთდნენ. აქციას ისინი დამწვარი საბურავების ფონზე მართავდნენ.
44 წლის გოგიტა აბულაძე სამი წლის წინ გაუჩინარდა. როგორც თავის დროზე ოჯახს განუცხადეს, ის დაზვერვის დეპარტამენტთან თანამშრომლობდა და სპეციალური დავალებით აფხაზეთში იყო წასული, რის შესახებაც რუსეთის სპეცსამსახურმა შეიტყო, მან მერე კი აბულაძე არ გამოჩენილა. ქალბატონის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების დროს მას დაპირდნენ, თუკი არ დაეხმარებოდა არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას, შვილის მოძებაში დაეხმარებოდნენ, ცინარა აბულაძე მაშინ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა და ირაკლი ალასანიასაც. ,,ისინი მპირდებოდნენ დახმარებას, თუმცა არჩევნების შემდეგ არავი შემხმიანებია, უფრო მეტიც, პრემიერი რომ იყო ჩამოსული ანაკლიაში, მანქანაში გამომკეტეს და მასთან მისვლის საშუალებაც არ მომცეს“ - ამბობს ცინარა აბულაძე. როგორც ქალბატონი აცხადებს, ხელისუფლება არწმუნებდა, რომ საქმე თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი.
ავტორი: ნიუპრესი