პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე„ საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.
ვიზიტის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბის კერძო მიღებასა და სადილს. პრემიერი სიტყვით გამოვა სესიაზე - Travel and Trade in a High-Risk Era და სამუშაო სადილზე - Europe Growth Markets.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს "მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრა"-ში, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ Die Welt-თან, პირდაპირი ჩართვის განხორციელება ტელეკომპანია CNBC -ის ეთერში.
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში რიგით 45-ე სესიაზე დასასწრებად 20 იანვარს გაემგზავრება.
ავტორი: ნიუპრესი