ბერლინში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა
ბერლინში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა. გალერეაში, რომელიც ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე Saviniplatz-ზე მდებარეობს, მხოლოდ ქართული დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი იქნება წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე ღვინის გალერეაში კომპანიების -„მეღვინეობა გრანელი“, „ასკანელი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „ყვარლის სარდაფი“, „ალავერდის ღვინოები“- სულ 25 დასახელების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. გალერეაში ახალგაზრდა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება. ქართული ღვინის გალერეა კომპანიამ „ტიბანელი“ გახსნა, რომელიც 2008 წლიდან გერმანიაში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ქართული პროდუქციის პოპულარიზაცის ხელშეწყობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ქართული ღვინის გალერეის ერთ-ერთი მფლობელი მიხაილ ქეცნა აღნიშნავს, რომ ბერლინში პირველი ქართული ღვინის გალერეის გახსნა ქართული ღვინის სიყვარულმა გადააწყვეტინა. „ქართულ ღვინოს დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საფერავის ჯიშის ღვინო. ეს პროექტი ჩემს ორ პარტნიორთან ერთად დავგეგმე და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული იქნება და ქართული ღვინის გერმანელ თაყვანისმცემელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა მიხაილ ქეცნამ.
გალერეის გახსნის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში, ლადო ჭანტურია და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
ავტორი: ანა ჯიქია