გალში აფხაზმა სპეცრაზმელებმა აქუბარდიების სახლ-კარი გადაწვეს
გალის რაიონის სოფელ სიდაში რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა ე.წ სპეცრაზმელებმა სიდაში აქუბარდიების კარ-მიდამო გადაწვეს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით ამის მიზეზი გუშინ, გვიან ღამით სოხუმის პროზექტურიდან, გალის რაიონში მოკლული ჯაკო აქუბარდიასა და ლევან ხარგელიას ცხედრების გატაცების ფაქტი გახდა, წყაროს თქმით, ჭირისუფალმა პროზექტურის თანამშრომლის დახმარებით ცხედარი მალულად გაასვენა და სიდაში დამარხა.
“გადამწვარია ჯაკო აქუბარდიას სახლ-კარი. წუხელ გვიან ღამით სროლები იყო სიდაში და მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სახლის დაწვის მიზეზი ცხედრების გატაცება გახდა. ორივე ოჯახი გახიზნულია სოფლიდან და არც ის იცის ვინმემ თუ სად დამარხეს ცხედრები”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.
რაც შეეხება ე.წ სპეცოპერაციის დროს დაღუპული მესამე ქართველის, გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრის ბაჩო ხურცილავას ცხედარს, ის ისევ სოხუმის პროზექტურაშია. აფხაზური მხარე ცხედრის გადმოცემაზე უარს აცხადებს.
აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, პროზექტურიდან სამი ცხედარი უცნობმა პირებმა გაიტაცეს. „დღეს დილით, 3-4 საათზე დაუდგენელმა პირებმა რესპულიკა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს შენობიდან სამი პიროვნების, ჯ. აქუბარდიას, ლ. ხარგელიას და ნ. ხურცილავას ცხედრები გაიტაცეს. აღნიშნული პირები ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის, ედუარდ ნერსესიანისა და რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლის, ანდრეი უდალცოვის მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილები. არსებული ინფორმაციით, ორმა მამაკაცმა, პროზექტურის თანამშრომელ ქალბატონს ხელი ჰკრა, ოთახში შეაღწია და ცხედრები უცნობი მიმართულებით, „გაზელის“ მარკის ავტომანქანით გაიტაცა“ – ნათქვამია აფხაზური საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც რუსული და აფხაზური მედია წერდა, სპეცოპერაცია გალის რაიონში მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი დღით ადრე იქ მოქმედმა ბანდფორმირებამ სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი გელა გერგედავა გამოსასყიდის მიღების სანაცვლოდ გაიტაცა, თუმცა გერგედავამ გაქცევა მოახერხა და გალის რაიონის ე.წ სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის მიმართა.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონში მცხოვრები სამივე ქართველი 12
იანვარს სოფელ რეფში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს.
ავტორი: ნიუპრესი