გაუშვა თუ არა სამსახურიდან დევნილები არაქუთაისელობის გამო დევნილთა სამსახურის უფროსმა (+VIDEO)
“ბურჯანაძე- ერთიან ოპოზიციის” წევრი ნატო უგრეხელიძე გია ჩიჯავაძის ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით
გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნას აპროტესტებს. როგორც უგრეხელიძე ,,ნიუპრესთან“ საუბარში აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა
უხელმძღვანელოს დევნილთა სამსახურს ადამიანმა, რომელმაც 2004 წელს სამსახურიდან დევნილები
არაქუთაისელობის მოტივით გაათავისუფლა. უგრეხელიძის განცხადებით, მან არ გაითვალისწინა დევნილების სოციალური პრობლემები
და არც ის ფაქტი, რომ აღნიშნული სამსახური სწორედ დევნილებისთვის შეიქმნა: ,,1998 წლიდან ვმუშობდი ბუღალტრად იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურში, რომელიც ჩვენთვის, დევნილებისთვის შეიქმნა. 2004 წელს გია ჩიჯავაძე თავის გუნდთან ერთად აღნიშნული სამსახურის უფროსად მოვიდა და მმოქმედ თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მოგვთხოვა. მე მას ავუხსენი ჩემი ოჯახური მდგომარეობა, ის რომ ექვსი სული აფხაზეთის ომში დავკარგე, ვზრდიდი ორ დიშვილს და ამავდროულად, საკუთარი შვილი საავადმყოფოში მყავდა. ჩიჯავაძემ დამარწმუნა, რომ განცახადების დაწერა აუცილებელი იყო, თან „კაცური სიტყვა“ მომცა, რომ სამსახურიდან არ გამიშვებდა. განცხადების დაწერის შემდეგ კი განმიცხადა, ქუთაისში ქუთაისელები უნდა მუშაობდნენო“, - აცხადებს უგრეხელიძე.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისათვის "ნიუპრესი" ქუთაისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურის თანახმად,ქუთაისის მერიაში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე, ბექა გერაძე