ბათუმში, ავტომანქანის დაწვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბათუმში, ავტომანქანის დაწვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაზარალებული დავით მანჯავიძე მომხდარ ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერთან, გივი თარგამაძესთან მის მეგობრობას უკავშირებდა. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებული 1989 წელს დაბადებული ზაზა გ. მ აღიარებს, რომ მან 2015 წლის 22 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმში, იმედაშვილის ქუჩის N27-ში გაჩერებულ „ბე ემ ვე“-ს მარკის ავტომობილს, რომელიც მანჯავიძის აკუთრებას წარმოადგენს, ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებულის განცხადებით, მასსა და დავით მანჯავიძეს შორის ფინანსური დავა არსებობდა - დაზარალებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზაზა გ-ს კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მას წინასწარ შეთანხმებული საფასური არ გადაუხადა, რაც მათ შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
ავტორი: ნიუპრესი