|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახი დვალიშვილი: "შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია"

ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე კახი დვალიშვილი  გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით პირველ  კომენტარს თავისი ფეისბუკ გვერდიდან აკეთებს.

 "საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს,  გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ფაქტს. კერძოდ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე შეურაცხყოფა მივაყენე ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომელს და ფიზიკურად გავუსწორდი მას. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემსა და დაცვის თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი უთანხმოება ავტომობილის პარკირების თემასთან დაკავშირებით. მე მას კანონის ენით ავუხსენი, რომ უნდა ემოქმედა შინაგანაწესისა და საკუთარ კომპეტენციის ფარგლებში და პატივი ეცა საკუთარი პროფესიისა და მუნდირისათვის. თუმცა, გარკვეულმა პიროვნებებმა ჩემი დისკრედიტაციის მიზნით, საინფორმაციო საშუალებებში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ჩემი მხრიდან ამ ადამიანის ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი“, -აცხადებს დვალიშვილი და მერიის სათვალთვალო კამერის მიერ გადარებულ  ვიდეო მასალას აქვეყნებს, რომელშიც ჩანს,  კამათის შემდეგ როგორ ეხება ის სამხრეებზე დაცვის თანამშრომელს, რის შემდეგაც  დვალიშვილი  შემთხვევის ადგილიდან გაჰყავთ.

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. დვალიშვილი მედიის წარმომადგენლებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გუშინ კომენტარს ინციდენტის მონაწილე არც ერთი მხარე არ აკეთებდა, ფაქტს კი ჟურნალისტების სახით თვითმხილველები ჰყავს, რაც ჩანდს ვიდეოზე.

დვალიშვილი ასევე მიმართავს  შსს გენერალურ ინსპექციას, შეისწავლოს  ადმინისტრაციული შენობის  დაცვის თანამშრომლების კომპეტენციის საკითხი, "მითუმეტეს,  არსებობს  ქ. ქუთაისის მერიის ორი წერილობითი მიმართვა ამ ადამიანების საქმიანობისა და კომპეტენტურობის შესწავლის თაობაზე“,-აღნიშნავს ის. 

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.






ავტორი: ნიუპრესი