გარემოს ეროვნული სააგენტოს ქუთაისის რეაბილიტირებული ოფისი მინისტრმა დაათვალიერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისში გარემოს ეროვნული სააგენტოს რეაბილიტირებული რეგიონული ოფისი დაათვალიერეს.
დასავლეთ საქართველოს რეაბილიტირებული რეგიონული ოფისი მოიცავს გეოლოგიის დეპარტამენტის რეგიონულ და მომსახურების სააგენტოებს. აღნიშნული სამმართველოები კი უფრო მეტად მოქნილსა და ხელმისაწვდომს გახდის სხვადასხვა ტიპის მომსახურებებს. კერძოდ, გეოლოგიის სამმართველო უამრავ მნიშვნელოვან და რეგიონისთვის საჭირო მომსახურებას მოიცავს, როგორიცაა კატასტროფებზე პირველადი რეაგირება, ვიზუალური დაკვირვება, სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეულ ობიექტებზე გეოსაინფორმაციო პაკეტების დამუშავება, საშიშროების ზონების შემოწმება და რესურსების დადგენა. რაც შეეხება მომსახურების სამმართველოს პაკეტებს, მისი ძირითადი მიმართულებაა ლიცენზიები და მასთან დაკავშირებული მომსახურებები: პირველადი სალიცენზიო განაცხადების მიღება, ტოპოგრაფიული რუქების მომზადება, ლიცენზიებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაცემა, ათვისების გეგმის, სტატისტიკის დაკვირვების ფორმისა და სხვა დოკუმენტების მიღება.
სააგენტოს რეგიონული ოფისი, ასევე, უზრუნველყოფს სხვადასხვა ფასიან მომსახურებებს ჰიდრომეტეოროლოგიური პირობებისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შესახებ.
ავტორი: ნიუპრესი