სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და წინადადებების 49% არ შესრულდა
2015 წლის 23 იანვარს სახალხო დამცველმა საქართველოს
მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის,
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს
2014
წელში სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების
შესახებ ჩატარებული კვლევა წარუდგინა.
ანგარიში მოიცავს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ
სხვადასხვა უწყებისათვის გაგზავნილი რეკომენდაცია/წინადადებების შესრულების არა მხოლოდ
სტატისტიკურ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებლებს.
2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სხვადასხვა უწყებებს – ცენტრალური და ადგილობრივი
ხელისუფლების ორგანოებს, ასევე თანამდებობის პირებს 154 რეკომენდაცია და წინადადება გაუგზავნა, რომელთაგან მხოლოდ 35(23%) შესრულდა, ნაწილობრივ შესრულდა 22 (14 %), არ შესრულდა 47 (31%) და პასუხი არ მოსულა 28 (18 %) რეკომენდაციაზე/წინადადებაზე.
გასულ წელს ყველაზე მეტი - 40 რეკომენდაცია/წინადადება
საქართველოს მთავარ პროკურორს გაეგზავნა, ამათგან 8 არ შესრულებულა და 9–ზე პასუხი
არ გაუცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ გაცემულ რეკომენდაცია/წინადადებების
აბსოლუტური უმრავლესობა, რაზეც სახალხო დამცველს პასუხი არ მიუღია, ეხება გამოძიების
დაწყებას სხვადასხვა დარღვევის გამო, კერძოდ, არასათანადო მოპყრობას, თავისუფლების
უკანონო აღკვეთას, სამართალდამცავი პირების ქმედებას და სხვა.
კვლევის თანახმად, რეკომენდაცია/წინადადებების შესრულება
ეფექტურობის მიხედვით ასე გადანაწილდა: სრული
შედეგი დადგა 15 (11%) შემთხვევაში (გაითვალისწინეს რეკომენდაცია და მოხდა დარღვეული
უფლების აღდგენა), შედეგი არ დამდგარა 82 (63%) შემთხვევაში (არ გაითვალისწინეს რეკომენდაცია
და არ მომხდარა დარღვეული უფლების აღდგენა), შესრულების შესახებ დაპირება სახალხო დამცველმა
მიიღო 18 (14%) შემთხვევაში, 4 (3%) – საქმე სასამართლოშია და 12 (9%) შემთხვევაში
მოხდა დარღვეული უფლების ნაწილობრივი აღდგენა.
ავტორი: ნიუპრესი