|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან სამი მოსწავლე დააკავეს

აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან, კონკრეტულად კი წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშისა და გალის რაიონის სოფელ საბერიოს საღვართან რუსმა ოკუპანტებმა სკოლაში მიმავალი სამი მოსწავლე დააკავეს. მოსწავლეები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საზღვართან მათი მშობლები გამოცხადდნენ. სამივე სკოლის მოსწავლე ერთი ოჯახის წევრები არიან.

საბერიოელი მოსწავლეები, რომლებიც სოფელ წყოუშის სკოლაში სწავლობენ, რუს ოკუპანტებს 5 საათის განმავლობაში საგუშაგოში ყავდათ დატყვევებული. ოკუპანტები მოსწავლეების დაკავების მიზეზად ე.წ ცენტრალური გამშვები პუნქტის გვერდის ავლით საბერიოდან წყოუშში მათი გადასვლის მცდელობას ასახელებენ.

წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის საჯარო სკოლაში გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 17 მოსწავლე დადის. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ რუსი სამხედროები თითოეული ოჯახის წევრებისგან გალის ადმინისტრაციიდან სპეციალურ საშვს და ხელწერილს ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან, რომ დაკავებულ მოსწავლეებს ამიერიდან აღარ გაათავისუფლებენ.

ე.წ საზღვართან დაკავებული სამი მოსწავლე ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია.  ერთ-ერთი მოსწავლე იხსენებს, რომ მას რუსმა ჯარისკაცმა 7 თვის წინ მომხდარი ამბავიც გაახსენა, როდესაც ის მის ოჯახში არყის სათხოვნელად მივიდა, მაგრამ მათ გამასპინძლება ვერ მოახერხეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსები მათ ოჯახებს ხშირად აწიოკებენ. არის შემთხვევები, როდესაც მათთან შეიარაღებული ოკუპანტები მიდიან და საჭმელს და ალკოჰოლურ სასმელს ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ შინაური ცხოველები თითქმის არ ჰყავთ, რადგან რუსმა ჯარისკაცებმა ისინი ან მოიპარეს ან ძალით წაართვეს.

ავტორი: ნიუპრესი