|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში დაკრძალეს

იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში  საკუთარი შვილების გვერდით დაასაფლავეს. დაკრძალვამდე  ვაზაგაშვილების სახლში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. დაღუპულის ოჯახის წევრებს პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, დეპუტატებმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებმა მიუსამძიმრეს. 

"ვინც ეს  ჩაიდინა საკადრისად დაისჯება, კანონის წინაშე აგებენ მთელი სიმკაცრით პასუხს",- განაცხადა თავდავის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ. 

"ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, საქართველოს ასეთი გამოწვევა არ ჰქონია და ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქმე დროულად იქნეს გამოძიებული და ყველა იმ კითხვას, რომელიც ბატონ იურის აინტერესებდა იქნეს პასუხგაცემული",- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა  პაატა ზაქარეიშვილმა. 

პრემიერ-მინისტრს სამართალდამცავების მიერ წარდგენილი შუალედური ანგარიში უნდა მოესმინა,  თუმცა მას  გამოძიების ახალ დეტალებზე არ უსაუბრია. 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი