კახი კალაძე-"ქართული ოცნების" პრობლემები დაძლევადია"
პარტიაში პრობლემები ნამდვილად არსებობს, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია 2012 წლიდან მოყოლებული საარჩევნო პროცესში იმყოფება და მისი ფუნდამენტური გაძლიერება ვერ მოხერხდა.
"დღეს პარტიას ჰყავს ახალი აღმასრულებელი მდივანი, ნამდვილად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ, გავაძლიეროთ პარტია ფუნდამენტურად, რომელიც იქნება იდეოლოგიაზე დაფუძნებული. ჩვენ ვიცით, როგორ შეიქმნა პარტია "ქართული ოცნება". ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანდა ფაქტიურად სრულიად საქართველო. ერთი მოტივით, რომ ჩვენ ჩამოგვეშორებინა "ნაციონალური მოძრაობა", მოგვეგო საპარლამენტი არჩევნები და ეს ნამდვილად მოვახერხეთ. პარტიის იდეოლოგიურად გაძლიერება და იდეოლოგიურად ჩამოყალიბება ვერ ხერხდებოდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ახლა ნამდვილად მოვახერხებთ. თუმცა ძალიან ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით. ძალიან ბევრი პრობლემაა რეგიონებში, თუმცა პრობლემები დაძლევადია და გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ ამ ყველაფერს განვახორციელებთ ჩვენს გუნდთან ერთად", - აღნიშნა კახი კალაძემ.
გუშინ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელ მდივნად ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ის მედიას სწორედ პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ წარუდგინა.
ავტორი: ნიუპრესი