მერიამ გარევაჭრობის რეგულაციის წესები და ვაჭრობის საფასური დაადგინა
საკრებულოს რიგგარეშე მეთორმეტე სხდომაზე 10 განსახილველი საკითხთიდან ერთ- ერთი გარევაჭრობის რეგულაციის წესებსა და ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენას წარმოადგენდა. აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ გააკეთა. მისი განმარტებით, გადასახადში ცვლილება არ შესულა. "შეიცვალა შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავდა ამ წესს. გადასახდელი თანხა მაგიდაზე და სკამებზე კვადრატულ მეტრზე შეადგენს 5 ლარს, სანაყინეზე 20 ლარს. ეს რეგულაცია 2014 წლის მარტში გავაკეთეთ და ამაში ცვლილება არ შესულა ", - განაცხადა კოტე ქავთარაძემ.
აღნიშნულ საკითხს მხარ არ დაუჭირეს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ წევრებმა. ბესიკ ბრეგაძის თქმით, მან ამ თემაზე უმრავლესობიდან პასუხი ვერ მიიღო: "გარევაჭრობას რეგულაცია ჭირდება, როცა დღესასწაულებია, ანტისანიტარიაა და ამაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარია სეზონურ პროდუქციაზე, რომელიც ტროტუარებზე იყიდება. ამ საკითხზე დოკუმენტში ბევრი უზუსტობაა", - განაცხადა ბრეგაძემ.
საკითხი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო.
ავტორი: ანა ჯიქია