სვეტლანა ახალაია: ,,თუ დავაღე პირი, მერე აღარ გავჩერდები"
ქუთაისის მერიის მოსაცდელში დასუფთავების ბრიგადირი სვეტლანა ახალაია ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვდა. მისი განცხადებით, დასუფთავების სამსახურიდან მისი დისშვილი უკანონოდ გაათავისუფლეს და უკიდურესი სიდუხჭირის პირისპირ დატოვეს.
,,ვმუშაობ დასუფთავების სამსახურში ბრიგადირად, ჩემთან ერთად ჩემი დისშივილიც მუშაობს. დღეს დაგვიბარეს, რომ თათბირი უნდა ჩატარებულიყო, სადაც გავიგეთ, რომ შვიდი კაცი გათავისუფლებული იყო სამსახურიდან, მათ შორის ჩემი დისშვილიც. ოჯახში გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს. ორი ბინა ბანკში გვაქვს ჩადებული, კიდევ ორი ბანკიდან სესხი გვაქვს გამოტანილი, ამავე დროს სახლი გვაქვს ჩაგირავებული. ჩემი დისშვილის ოჯახში ხუთი სულია, მისი პენსიონერები პენსიას ვერ იღებენ ბანკის ვალების გამო და ურთულეს მდგომარეობაში ვართ. მე ვერ გამიბედეს გათავისუფლება და სამსახურიდან ჩემი დისშვილი გაათავისუფლეს, ამის შემდეგ შევედი დირექტორთან გელა გაგუასთან, აუხსენი ჩვენი პირობები, თუ რა მდგომარეობაშიდაც ვართ და მითხრა, რომ თუ ჭკუით არ იქნები, შენც გაგაგდებო, შენ ხათრით მყავხარ დატოვებულიო", - აცხადებს ახალაია.
ახალაიას თქმით. ის დანებებას არ აპირებს და პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში ყველაფერს იტყვის, რაც იცის. მისი განცხადებით, დასუფთავების სამსახურის უფროსი გელა გაგუა უკანონო ბრძანებებს წერდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენაც შეუძლია.
,,თუ არ მოხდება ქალაქის მერთან ჩემი მიღება, ყველა ტელევიზიას მოვიწვევ და ღია ეთერში დავჯდები. ჯერ არ მინდა დავაღო პირი, თუმცა თუ დავაღე, მერე აღარ გავჩერდები. ბატონი გელა წერდა უკანონო ბრძანებს. მოვიტან იმ ბრძანებებს და შეგიძლიათ შეამოწმოთ. ორჯერ დამაკლო კუთვნილი ანაზღაურება. რვა თვეა გაზი მაქვს გადაკეტილი, 25 ლარის გულისთვის. წყალი 22 წელიწადია გადაკეტილი მაქვს და ვიპარავ. უკარო და უფანჯრო სახლში მძინავს, ყველა ტელევიზიას წავიყვან და გადავაღებინებ რა პირობებში მიწევს ცხოვრება", - განაცხადა ახალაიამ.
დასუფთავების სამსახურის კომენტარს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა