ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში "დავითობას" წიგნების პრეზენტაცია მიუძღვნეს
„ქართული
ოქრომჭედლობის ძეგლები ქუთაისის მუზეუმის საგანძურიდან“, “ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული
მუძეუმი“, ეს ის წიგნებია, რომელთა პრეზენტაცია, დღეს, ქუთაისის სახელწიფო ისტორიულ მუზეუმში
გაიმართა.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ქალაქის პოპულარიზებისათვის. „მერიის შესაბამისი სამსახური მთელი წლის განმავლობაში მუშაობს, როგორც გამოფენების, ასევე სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობების გასამართად. მიმაჩნია, რაც მეტი გამოფენა გაიმართება, ტურისტებს და არა მარტო მათ, მიეცემათ საშუალება უკეთ გაეცნონ ჩვენს ისტორიას“,-განაცხადა შოთა მურღულიამ.
ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ომარ ლანჩავას თქმით, ეს ღონისძიება "დავითობის" დღესასწაულს სპეციალურად დაამთხვიეს. „ჩვენთვის, ისტორიული მუზეუმისა და ისტორიკოსებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა. დღეს, ჩვენი დიდი წინაპრის, წმინდანის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღვნიშნავთ. ჩვენ ამ დღეს ორი წიგნის პრეზენტაცია მივუძღვენით. ეს წიგნები ჩვენი მუზეუმის ნივთებს ეხება და ამით იგი იხდის გარკვეულ ვალს წინაპრების წინაშე. გამოფენა არის ტრადიციულად ძველი, სტაციონალური და ახალი, რომელიც წიგნებს ეხება. მე მოხარული ვარ, რომ ამდენი სტუმარი გვესწრება და თვალს ადევნებს მუზეუმის ცხოვრებას,“-აღნიშნა ომარ ლანჩავამ.
გამოფენას მრავალი დაინტერესებული მნახველი სტუმრობდა, მათ შორის, პარლამენტარი, ომარ ნიშნიანიძე.
ავტორი: იზა მოდებაძე