ქუთაისში დაღუპული გოგონას ახლობლებმა გზა გადაკეტეს
ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი გოგონას ახლობლები სასტუმრო "თბილისის" მიმდებარე ტერიტორიიდან ასათიანისა ქუჩის გავლით ჭავჭავაძის გამზირისაკენ მიემართებიან. ისინი ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.
თავდაპირველად დაღუპული გოგონას ახლობლებმა სასტუმრო "თბილისის" მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია და ისინი იმ ავტომობილის მძღოლის დაკავებას ითხოვენ, რომელიც 19 წლის ნანა გიგლემიანს დაეჯახა. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ამ საქმეზე დაკავებულია "კამაზის" მძღოლი, რომელიც უდანაშაულოა. ისინი მძღოლის გათავისუფლებას და მის სანაცვლოდ ნამდვილი მკვლელის დაკავებას ითხოვენ.
აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით კონკრტული პირის დაკავების ფაქტს შსს არ დასტურებს. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წარმომადგენლის თქმით, საქმეზე დაკავებული არავინაა. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სასტუმრიო "თბილისთან" აქციაზე გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ადგილობრივი თვითმმატველობის წარმომადგენლებსაც ელოდებოდნენ, თუმცა თვითმმართველობიდან იქ არავინ გამოჩენილა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე