|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შესაძლოა, დავით კირკიტაძეზე ძებნა გამოცხადდეს

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა. მასზე, შესაძლოა, უახლოეს მომავალში  ძებნაც გამოცხადდეს. ყოფილ რწმუნებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. დავით კირკიტაძე საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდა, რის გამოც, მას დადგენილება ბრალდების შესახებ  დაუსწრებლად წარედგინება. საქართველოს მთავარი პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობას, რისი შეფარდების შემთხვევაშიც მასზე გამოცხადდება ძებნა. 

გამოძიების თანახმად, საქმე ეხება 2011-2012 წლებში მომხდარ ფაქტს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების - შპს „ავტოჰაუს-რუსთავი 2011-ისა” და შპს „ტიტანი 2011-ის” მიერ თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 ათას 400 ლარის მატერიალური ზიანი.

 

ავტორი: ნიუპრესი