სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი პროგრამა იწყება
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი პროგრამა იწყება. პირველი აპრილიდან იცვლება კრიტერიუმები, რომლითაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. სისტემის ამოქმედების დროს პრიორიტეტი ბავშვთა სიღარიბის დაძლევა იქნება. შესაბამისად, განსაკუთრებული უპირატესობა იმ ოჯახებს მიენიჭებათ, სადაც ბავშვები იზრდებიან. 1 თვის განმავლობაში 5000-მდე ბენეფიციარი გადამოწმდება. პროგრამის ახალი სისტემით ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება. ახალ სისტემაში მაქსიმალურად შემცირებულია სოციალური აგენტის როლი. რაც იმას ნისნავს, რომ აგენტი დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებს გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნისა და მოხსნის შესახებ. საყოფაცხოვრებო ტექნიკა აღარ იქონიებს გავლენას სტატუსის მინიჭებისას. შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის ქონება, რომელსაც შემოსავალი მოაქვს მოქალაქისთვის. ახალი პროგრამის სრულად მოქმედების შემდეგ განახევრდება უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვების რაოდენობა.
გაიზარდა იმ ქულების რაოდენობაც , რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სოციალური დახმარების დანიშვნა. დიფერენცირებული იქნება ფინანსური დახმარების რაოდენობაც. ის ოჯახები, რომლებსაც ყველაზე დაბალი ქულა აქვთ ფინანსურად მეტ დახმარებას მიიღებენ.
ავტორი: ანა ჯიქია