საყდრისზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი პარლამენტში არ აჩვენეს
სამოცი ფოტო და უნიკალური ოქროს საბადოს ფრაგმენტული ისტორია 2011 წლიდან დღემდე - გამოფენა ამ შინაარსით დღეს პარლამენტის შენობის ფოიეში მოეწყო. გამოფენა საყდრისის გადარჩენის საზოგადობრივი კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
გამოფენის ერთ ერთი ოგანიზატორის, ანა მიქაუტაძის ინფორმაციით, მათ სურვილი ჰქონდათ ფოტოების გარდა სხვადასხვა სახის აქტივობები მოეწყოთ პარლამენტში, რისი საშუალებაც არ მიეცათ. ,,ჩვენ სამდღიანი გამოფენა გვინდოდა მოგვეწყო, ფოტოებთან ერთად გვინდოდა სლაიდ შოუს გაშვებაც. გარდა ამისა გვინდოდა ფილმის ჩვენება, რომელიც გერმანულმა მხარემ საყდრისის თემაზე გადაიღო. გაურკვეველი მიზეზის გამო ამის ნება არ მოგვცეს, ასევე გვეთქვა უარი არქეოლოგის მოწვევაზე, რომელიც რამდენიმე წუთიან პრეზენტაციას გააკეთებდა საყდრისზე და მის მნიშვნელობაზე. მხოლოდ ერთდღიანი გამოფენის მოწყობას მივაღწიეთ. ვამჯობინეთ ეს დღეს გაგვეკეთებინა, რადგან შესაძლოა, საყდრისის თემა დღეს იქნეს განხილული და იქნებ ამ გამოფენით ეროვნული ინტერესები ავღძრათ მათში, ვისზეც არის დამოკიდებული ამ ოქრო საბადოს ბედი“,-განაცხადა ანა მიქაუტაძემ.
სამთო არქეოლოგიური სამუშაობები, ოქროს მოპოვების ექსპერიმენტები,
ნგრევის კადრები, პარტიარქის გამონათქვამები საყდრისის შესახებ და საპროტესტო აქციები საყდრისის გადარჩენის მოთხოვნით,
ამ შინაარსის ფოტომასალის ნახვა დამთვალიერებელს
დღის ბოლომდე შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სასესიო კვირას, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი ფონდის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეხვდა. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე ფონდის წევრებმა ითხოვეს გამოფენის მოწყობა და დოკუმენტური ფილმის ჩვენება პარლამენტში.
ავტორი: ეკა შალამბერიძე