"ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" - პრემიერა ქუთაისში
ქუთაისის ლადო მესხიშვილის
დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 2, 3 და 4 აპრილს, თეატრის დიდ სცენაზე ბილი უაილდერის პიესის მიხედვით შექმნილი
ფილმის „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ თეატრალიზებული ვერსია გათამაშდება.
სპექტაკლის რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძეა,
ინსცენირება კი გიორგი ჩიქოვანს ეკუთვნის.
სპექტაკლში თეატრის
თითქმის მთელი დასი მონაწილეობს. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ნანა ქაჯაია აღნიშნავს, თეატრში დადგმული რამდენიმე დრამის შემდეგ საზოგადოებას კომედია
შესთავაზეს.
სპექტაკლში მთავარ როლებს ინგა კაკიაშვილი, დავით როინიშვილი და ზვიად სვანაძე ასრულებენ. მსახიობები იმედოვნებენ, რომ ორ ხელოვან ადამიანზეა შექმნილი სპექტაკლი, რომელიც ქორეოგრაფიული ნომრებითაა გაჯერებული, მაყურებლების მოწონებას დაიმსახურებს.
სპექტაკლი 2 და 3 აპრილს
19:00 საათზე, 4 აპრილს კი 18:00 საათზე გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი